არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას გმობენ. "ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებები, შეშფოთებულნი ვართ ცნობილი ბიზნესმენის და აწ უკვე პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილისთვის, აგრეთვე მისი მეუღლისთვის - ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის გამო. როგორც მიმდინარე მოვლენებიდან იკვეთება, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაუსწორდეს ახალ პოლიტიკურ ოპონენტს და არ მისცეს მას საშუალება, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონდარღვევით მოხდა.
"ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობას ადასტურებს შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება #484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა - გაცემულია 2006 წლის 7 მარტს; საქართველოს პასპორტი - გაცემულია 2006 წლის 13 მარტს; ბოლოს, საქართველოს პასპორტი გაცემულია, 2010 წლის 29 ივნისს; ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობოების მტკიცებით, ხელისუფლების მიზანია ბიძინა ივანიშვილს არ მისცეს საშუალება ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტის სახით.
"შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე განცხადება გაავრცელა", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პრეზიდენტს, რომ "შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ბიძინა ივანიშვილის დევნა და საშუალება მისცეს მას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში".
"მივმართავთ: საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანონ ეს შემთხვევა და საქართველოს ხელისუფლებას არ მისცენ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შელახვის საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: უჩა ნანუაშვილი (ადამიანის უფლებათა ცენტრი); გიორგი ხუციშვილი (კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი); ალექსანდრე რუსეცკი (ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ეროვნული კომიტეტი); ნანა კაკაბაძე („ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის"); არნოლდ სტეფანიანი (სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო"); ლადო მგალობლიშვილი („სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის''); ირინა ფუტკარაძე („საზოგადოებრივი დამცველი"); მანანა მებუკე (საქართველოს ინვალიდ_მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი); კობა ბოჭორიშვილი (კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი); ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი); ნინო ციხისთავი (კავკასიის ქალთა ქსელი); ზურაბ ფუტკარაძე („ჯანმრთელი სამყარო"); ზაალ ანჯაფარიძე და ლელა გაფრინდაშვილი კავშირი („ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის")
მასალის გამოყენების პირობები