პოლიტიკოსი, მეცნიერი, პროფესორი ნესტან კირთაძე ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად კირთაძემ განუცხადა.
კირთაძე, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე გამორჩეულ სახეს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ემიჯნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კირთაძესა და ნათელაშვილს შორის შეხვედრა შედგა, სადაც კირთაძემ პარტიის ლიდერს განუცხადა, რომ მისი პოზიცია ივანიშვლთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ განუცხადა, განცხადების ტონალობა, ფორმა, შინაარსი და საერთაშორისო აქცენტები არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ ეს განცხადება ხალხისგან შეფასდა სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი ირიბ მხარდაჭერად.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ კირთაძესა და ივანიშვილს შორის უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება.