სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ მეცნიერს, პროფესორ ნესტან კირთაძესა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შორის უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება.
თავად კირთაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ აგრძელებს თანმიმდევრულ და უკომპრომისო ბრძოლას.
"შევხდები და ვითანამშრომლებ ყველა ძალასთან, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლას ძალადობის, სოციალური უსამართლობის, ტერორის წინააღმდეგ. ვითანამშრომლებ ყველასთან, ვინც წინ აღუდგება ქართული სახელმწიფოებრიობის ნგრევას. ვითანამშროლმებ მათთან, ვინც ქართველ ხალხს დაუბრუნებს ღირსებას, ღიმილს, მომავლის რწმენას და მისცემს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების რეალურ შანსს, რომელიც ქვეყანას რუსეთთან კონფრონტაციული რეჟიმიდან გადაიყვანს სამშვიდობო დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმზე, რომლის უპირველესი ამოცანა იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი ერთიანოების აღდგენა და ქვეყნის ევროპულ წიაღში დაბრუნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ და დასძინა: "ეს ჩემი უფლება და ჩემი ვალდებულებაა!"
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, მოიაზრებს თუ არა იგი ამ ძალაში ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთა კონსოლიდაციასაც ივანიშვილი ამჟამად ახდენს, კირთაძე პასუხობს: "კაცი, რომელმაც ქართული საქმეები უანგაროდ აკეთა, ააშენა ათასწლეულის ტაძარი, რომელსაც პატრიარქმა ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი უწოდა, კაცი, რომელმაც შიმშილით სიკვდილისგან იხსნა ჩვენი სახელოვანი ინტელიგენცია, რომელმაც საჩხერეში შექმნა სოციალური ჰარმონიის მოდელი, დიახ, სწორედაც რომ აღმოჩნდება ის ძალა, ის ორიენტირი, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად "ქართულ ოცნებას" რეალობად აქცევს. სწორედ ასეთი ტიპის პრინციპულ გადაწყვეტილებებს ელოდება ქართველი ხალხი".