საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით, გაიხსნა ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში. კონფერენცია 21 ოქტომბერს დასრულდება.
კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენს ქიმიური ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება შემდეგ დარგებში: ახალი და გაუმჯობესებული მასალები და დანაფარები; ახალი და გაუმჯობესებული ნივთიერებები; ბიომედიცინა, ბიოტექნოლოგია და სურსათის ინდუსტრია; ენერგეტიკა; უსაფრთხო გარემო; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდების პოსტერული სესია. მოეწყობა კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენა. გამოიცემა მოხსენებათა თეზისები და რჩეული შრომების კრებული.
აღნიშნული კონფერენცია რიგით მესამეა და მისი ძირითადი თემატიკა განისაზღვრება გამოყენებითი ქიმიის დარგით. რ. აგლაძის ხსოვნას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (თბილისი, 1991 და 2001).
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი აწყობენ საიუბილეო ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავს.
საიუბილეო სხდომა 18 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქართველი ელექტროქიმიკოსი, ქართული ელექტროქიმიური სკოლის ფუძემდებელი რაფიელ ილიას ძე აგლაძე რაფიელ აგლაძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.