საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამის შესახებ "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"სააკაშვილის გაუაზრებელ ქმედებას კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება დახვდა რუსეთის მხრიდან. საშინელი აგრესია გამოამჟღავნა რუსეთმა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია დღეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გავექცევით ამას და იძულებულები ვართ, დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შესატყვის პოზიციას დაიჭერს ამერიკა და ევროპა. მისი თქმით, საქართველომ უნდა მოახერხოს და იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში.
"ამისთვის მე უკვე დავიწყე მუშაობა საქართველოში არსებულ ექსპერტთა ჯგუფებთან, არამარტო უსაფრთხოების საკითხში, არამედ საქართველოს მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. მათთან ერთად მივაღწევთ, რომ მოვძებნოთ ოპტიმალური გზა საქართველოს განვითარებისთვის გლობალურ პოლიტიკაში, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის და ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ივანიშვილმა.