ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე ყველა არაოფიციალური დისკუსია 27 ოქტომბრისათვის დასრულდება. ეს განცხადება მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და უკვე პრაქტიკულად ყველა აუცილებელი პროცედურაც დავასრულეთ. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი. მათი გადაწყვეტა კი ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დროში მოხდება. ყველა არაოფიციალური დისკუსია 27 ოქტომბრისათვის დასრულდება", _ განაცხადა მედვედკოვმა და აღნიშნა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფის ოფიციალური სხდომა გაიმართება.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ მიიღებს ერთხმად მხარდაჭერას, მედვედკოვმა განაცხადა, რომ ვმო-ს წესების მიხედვით, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კენჭისყრის პროცედურის გამოყენება. თუმცა მედვედკოვი ასევე აღნიშმა, რომ მსგავსი რამ პრაქტიკაში ორგანიზაციის მთელი არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოხდა.
რუსეთის ფედერაცია ვმო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.