ირაკლი ალასანიამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული ფაქტი, სახელისუფლებო ექსტრემიზმად შეაფასა. ასეთი შეფასება გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.
მისი თქმით, ეს ფაქტი მიანიშნებს თუ რამდენად შეშინებული და დამფრთხალია სააკაშვილის ხელისუფლება იმ ცვლილებებით, რაც მოხდა საქართველოს პოლიტიკაში, კერძოდ, ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზე გამოჩენით.
"დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ამგვარი ფაქტი ვერ დააშინებს რეალურად ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს და ვერც ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ველოდით, რომ იქნებოდა ასეთი მძიმე. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა. საზოგადოების მხარეზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთის, რომ თავისუფალი არჩევანისთვის პირობები შიქმნას", - განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნულ თემებზე ჰქონდა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან.
ალასანიას მტკიცებით, უილიამ ბერნსმა შეშფოთება გამოხატა მის მიერ დასახელებული ფაქტების გაო.
"დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაუდგება ქართველ ხალხს გვერდით, რათა ის რეფორმები, რაც აუცილებელია არჩევნებისთვის, განხორციელდეს", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს საღამოს საქართველოს ბანკის სათაო ოფისიდან გამოსული „ბანკი ქართუს" ინკასაციის მანქანა პოლიციამ გააჩერა, როდესაც მას „დიდი ოდენობით" თანხა გადაჰქონდა. მათ დააკავეს „ბანკი ქართუს" 6 თანამშრომელი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ „დიდი ოდენობით ნაღდი ფული", ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დააკავეს.