ყვარლის რაიონის სოფელ თივში 24 წლის გაჯი გაზიმოვი, რომელიც მეგობრებთან ერთად ტყეში წაბლის საკრეფად იყო წასული, ხრამში გადაიჩეხა. მაშველებმა ის ხრამიდან რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს.
„პაციენტი საავადმყოფოში ხერხემლის დაზიანებით და ბარძაყის ძვლის მოტეხილობით შემოიყვანეს. დაშავებულს ესაჭიროებოდა ხერხემლის მალების ტომოგრაფია და ნეიროქირურგის კონსულტაცია, ამიტომ იგი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ზვიად დუშმანაშვილმა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარება ამჟამად სტაბილურია.
გაჯი გაზიმოვი დაღესტნიდან არის. ყვარლის რაიონში ის ნათესავთან, სტუმრად იმყოფებოდა.