მოსკოვის შემოგარენში, სოფელ ვსესვიატსკოეში ქართული სამეფო დინასტიის საფლავების შეურაცხყოფისა და განადგურების აღსაკვეთად საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე ხელისუფლება მიმართვას ამზადებს. თბილისში მომხდარს ბარბაროსულ ქმედეად აფასებენ. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები სასაფლაოს განადგურებას ვანდალიზმს უწოდებენ.
ვსესვიატსკოეში სამონატრო კომლექსი დარეჯან ბაგრატიონმა მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ააშენა. აქ დაკრძალულნი არიან ამ დროისათვის რუსეთში მოღვაწე ქართველი დიდგვაროვნები. აქვე ამ ტერიტორიაზე სამეურნეო საწყობების მშენებლობაა დაწყებული.
მშენებლობა ადგილობრივი ტაძრის მსახურებმა წამოიწყეს, რომლებიც მაღალჩინოსნებისა და არქეოლოგების პროტესტს არ ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ კარტოფილის შესანახი ადგილი არ აქვთ.
ამის გამო კი ქართულ სიწმინდეებთან ერთად საფრთხე ექმნება სულხან საბა ორბელიანის საფლავსაც, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით სწორედ ვსესვიატსკოეში ქართველ დიდგვაროვნებთან ერთადაა დაკრძალული.
სოფელ ვსესვიატკოეში ქართველი მეფის არჩილ მეორის შთამომავლები არიან დაკრძალული, სწორედ მათ ააგეს ადგილზე ქვის ტაძარი. იქვე იყო ივანე ბაგრატიონის საფლავიც, რომელიც უკვე გადაიტანეს და მის ადგილას ბეტონის ნაგებობა აღმართეს.
ქართველმა არქეოლოგმა, ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა გიორგი რამაზაშვილმა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ შარშან შეიტყო და მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს მიმართა, თუმცა უწყების დადგენილება ტაძრის მსახურებმა მაინც არ გაითვალისწინეს.