"სახალხო კრება" ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მხარდაჭერას უცხადებს.
"სახალხო კრება" სოლიდარობას უცხადებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური რეპრესიების გამო და მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ქვეყანაში აშკარა პოლიტიკური დევნის ფაქტთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 18 ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმმა ბანკი „ქართუს" ექვსი თანამშრომლი და საინკასაციო მანქანა დააკავა, ქართული ოცნების მაისურების გავრცელების გამო დააკავეს ბერა ივანიშვილის მეგობარი ლევან მდინარაძე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, წითელუბნის რწმუნებულის თანამდებობა „ნებაყოფლობით" დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმა.
"„სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა, ეს გახლავთ ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული ომი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ",- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ
„სახალხო კრება" დაარსების პირველივე დღეებიდან განიცდის პოლიტიკურ რეპრესიებსა და დევნას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან და კარგად ესმით რას ნიშნავს "დიქტატორ სააკაშვილთან და მის ტერორისტულ მანქანასთან მარტო ბრძოლა."
"ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, მიუხედავად იმისა არის თუ არა მათი ხედვები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვასთან თანხვედრაში, ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა სააკაშვილის დიქტატურის გაძლიერებას ნიშნავს",- ნათქვამია განცხადებაში.
"მივმართავთ ხელისუფლებას! ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნებიდან დღემდე თქვენმა ქმედებამ მთელს მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს მოსახლეობას ნათლად დაანახა „სახალხო კრების" მიერ არაერთხელ გაცხადებულის სიმართლე, რომ ნაციონალური მოძრაობა ტერორისტული მეთოდებით მართავს ქვყანას, რომ ის არ დაუშვებს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რომ არ შეეგუება ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის შექმნის პატარა შანნსაც კი, თუნდაც ეს პოლიტიკური ძალა აცხადებდეს, რომ ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას და არა მშვიდობიან რევოლუციას", - ნათქვამია განცხადებაში.