ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელა.
"საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, დღის 17 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ „ქართუზე", რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის.
სს „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისიდან გამოსული ბანკ „ქართუს" ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეც-დანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები. იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკი „ქართუს" 6 თანამშრომელი,წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი „ ქართუს" საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა.
ხელისუფლების წარმომდგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს, ქმედება განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვით.
ჩვენ მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი „ქართუს" მიტაცებული ქონების დაბრუნებას.
აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს, მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის!
დაკავებულები არიან ბანკი „ქართუს" თანამშრომლები: მოლარეები - ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი. ინკასატორები - არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი".