საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სახელმწიფო ცდილობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მაქსიმუმი გააკეთოს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ფოთში გუშინ გახსნილ 32-სახლიან საცხოვრებელ უბანზე ისაუბრა, სადაც დევნილები დასახლდებიან.
"გრძელდება პროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. ეს პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვსი საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებიტ, ერთ-ერთი მთავარი იყო ფოთის პროექტი, რომელიც გუშინ ჩაბარდა დევნილებს. როგორც თქვენ ნახეთ, 32-მრავალბინიანი და მრავალსართულიანი სახლი აშენდა. 1000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საკუთარი სახლი და წლების შემდეგ მათ აქვთ საკუთარი ჭერი. რა თქმა უნდა ეს ის არ არის, რასაც საკუთარი სახლი ჰქვია, რომელიც წლების წინ ცნობილი მიზეზების გამო დაატოვებინეს.თუმცა, სახელმწიფო ცდილობს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მაქსიმუმი გააკეთოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 28 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.
"მათ დაუკანონდათ ეს ფართი. ახლად აშენებულ სახლებში ის დევნილები დასახლდნენ, რომლებიც სხვის საკუთრებაში აღმოჩნდნენ და ასევე ისინი, რომელთა დროებითი საცხოვრებელი იყო ავარიული. ამ ეტაპზე მათ მიმართ სამუშაოები სხვა კუთხით აქტიურდება. ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოქვევა საქართველოს ხელისუფლებისთვის - დასაქმების პრობლემა", - განაცხადა პრესსპიკერმა.
მანჯგალაძის განმარტებით, ფოთში პრაქტიკულად ახალი უბანი გაშენდა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
"32 მრავალსართულიანი სახლი შევიდა ექსპლუატაციაში და ეს არ არის დასასრული. პროექტი გრძელდება და სულ მალე ასეთი დასაწყლება მყობრში შევა ბათუმში, სადაც 22 კორპუსი შევა ექსპლუატაციაში. უბნები გაშენდება წყალტუბოში (10 მრავალსართულიანი სახლი) და ზუგდიდში (10 მრავალსართულიანი სახლი", - განმარტა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტის სახელით მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და სხვა დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროექტში.