ბინით მოსარგებლეების, ე.წ. ოტსტუპნიკების საკითხმა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათი გამოიწვია. ერთმანეთს ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეეკამათნენ.
ბინით მოსარგებლეების შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ გააკეთა.
მისი თქმით, თბილისის მერიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ იგი ბინით მოსარგებლეებს გაუწევს უფასო იურიდიულ დახმარებას. თორდიას განმარტებით, ბინით მოსარგებლეთა პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად კანონის კიდევ ერთხელ გადავადება მისაღები არ არის.
"პარლამენტმა ერთხელ უკვე გადაავადა კანონი და ვნახეთ, რომ ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. ბინით მოსარგებლეებს ჰქონდათ ვადა იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ, თუმცა ვერაფერი გააკეთეს, ახლა მერია მზადაა მათ უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზოს", - აღნიშნა თორდიამ.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, 1-ელ იანვარს კატასტროფული მდგომარეობა იქნება, რადგან რამდენიმე ათასი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება.
ბაღათურიამ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება კონსულტაციების შედეგად მოიფიქრებს რაიმე გზას, იმისათვის, რომ საახალწლოდ ათასობით ოჯახი ქუჩაში არ დარჩეს.