"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ბინებსა და საცხოვრებლებში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 32-სახლიანი საცხოვრებელი უბნის გახსნაზე. საცხოვრებელი უბანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.
"უკვე ვნახე ეს ბინები. შეიძლება ეს არ არის ძალიან მდიდრული, მაგრამ ეს თქვენი ბინაა, თქვენი ოჯახის ბინაა, რომელიც თქვენი იქამდე იქნება, სანამ აფხაზეთში არ დაბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, ბინებსა და საცხოვრებლებში. 4500 ადამიანი გადმოვიდა აქ და პრაქტიკულად ახალი დასახლება შეიქმნა. 2007-ში მე მოვიარე წყალტუბოს სანატორიუმები, გავაღე ძალიან ბევრი პალატის კარი, შევედი ოჯახებში და დამთრგუნველი შთაბეჭდილება შემექმნა. მაშინ მართლა გამოვედი უკიდურესად ცუდ ხასიათზე და ვთქვი, რომ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში და ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანაა", _ განაცხადა სააკაშვილმა და ევროკავშირს ამ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ, რომ უნდა ყოფილიყო ეს პროექტი ყოფილიყო ფოთში, რადგან აქ არის პერსპექტივა იმისა, რომ თითოეული თქვენგანი იყოს დასაქმებული. ფოთში უფრო ბევრი იხსნება, ვიდრე იხურება, უფრო ბევრს ხალხს იყვანენ, ვიდრე უშვებენ და საბოლოო ჯამში, დიდი პერსპექტივა აქვს ფოთს. ეს უნდა იყოს 100 %-იანი დასაქმების ქალაქი. ეს არის ქალაქი, სადაც არის უმნიშვნელოვანესი პორტი საქართველოსთვის, სადაც არის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ცენტრები, სადაც არის განათლების კარგი ცენტრები და სკოლები. აქვე არის გვერდზე ანაკლია, აქვე არის საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისი, რაც მთავარია აქვე აფხაზეთია", _ განაცხადა სააკაშვილმა.