ხვალ, 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის" შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.
აღნიშნულ ანგარიშში 2011 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორცილებული მონიტორინგის შედეგებია წარმოდგენილი.
შუალედური ანგარიში შეიცავს შეფასებებს კომისიის თავჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაც ტელევიზიებში რეკლამების განთავსებიდან გამომდინარე სატელევიზიო მაუწყებლების მიმართ მის ეკონომიკურ ინტერესებს განაპირობებს.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა (62%) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო ავტორიზებულ პირთა (საკაბელო ტელევიზიები) სანქცირებას ითვალისწინებს.
მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტთა შეფასებით, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული ორაზროვანი გადაწყვეტილებების გამო, კომისიის უფლებამოსილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავტორიზებულ პირებსა და კომისიას შორის წარმოქმნილი გაურკვევლობის საფუძვლად იქცა.
ანგარიშში, აგრეთვე განხილულია რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ეფექტიანობის საკითხები.
მონიტორინგის ჯგუფი მომდევნო ანგარიშს 2011 წლის დეკემბერში გამოაქვეყნებს, სადაც ასახული იქნება კომისიისათვის წარსადგენი რეკომენდაციები.
რვათვიან პროექტს "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს.