უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს კანონმდებლობით სამართლებლივი სტატუსი მიენიჭება. ახალი კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროება, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა. ამასთან, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა იქნება საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი.
მოქალაქეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მომსახურებისათვის იგი 25 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
აღნიშნული სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ ასევე, საქართველოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლებით და სპორტის შესაბამის სახეობებში, საერთაშორისო ფედერაციების თანხმობის შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
დღეს ახალ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა. ამ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას უახლოეს ხანში დაიწყებს.