დღეს, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალას"-ში, (დარბაზი „სალხინო") საჯარო სამსახურების საქმისწარმოების მენეჯერების შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო სამსახურის ბიუროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია საჯარო სამსახურებში დოკუმენტბრუნვის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება და ელექტრონული პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. შეხვედრას დაესწრებიან საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე.
შეხვედრაზე გაიმართება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს დოკუმენტბრუნვის პროგრამებს შორის ინფორმაციის გაცვლას და საქართველოში მოქმედ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციას. ასევე, შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ- საჯარო რეესტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამების პრეზენტაცია.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ყველა უწყების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები.