ხვალ სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო ალიანსი "მომავალი სიღარიბის გარეშე" სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს და უმწეოთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას გააცნობს.
მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება შიდა ქართლში, წილკანში 12:00 სთ-ზე, შავშვებში 13:00 სთ-ზე და კარალეთში 14:00 საათზე. იგივე დროს შეხვედრა და პროგრამის გაცნობა დაიწყება ზუგდიდშიც.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული ორგანიზაციიდან აცნობეს - "სიღარიბის გამო ყოველ დღე მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება...ყოველ სამ წამში ერთი ბავშვი კვდება... საქართველოში ყოველი ორმოცდამეათე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს... მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი ვერ დადის სკოლაში სიღარიბის გამო... საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღემდე სიღარიბეში ცხოვრობს! ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს... ყოველი მეორე ავადმყოფი ვერ იხდის მკურნალობის ხარჯებს... ყოველდღიურად იზრდება უსახლკარო და მოხეტიალე ბავშვთა რიცხვი. არა ცნობილი მათი ზუსტი რაოდენობა... საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა თითქმის 5-ჯერ მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში".