15-16 ოქტომბერს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინისა და კულინარიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება.
სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოდის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულინარული დუეტი, მიშელინის ორი ვარსკვლავის მფლობელი ცნობილი მზარეული კლოდ ბოსი და ასევე ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი.
13:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn- ში საქართველოს საუკეთესო, ახალგაზრდა, ნიჭიერი მზარეულებისთვის კლოდ ბოსი და იზაბელ ლეჟერონი ჩაატარებენ მასტერკლასს და კონკურსს. კონკურსანტის შეფასებას მოახდენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომლის თავმჯდომარეც კლოდ ბოსი იქნება. კონკურსში გამარჯვებულს საშუალება მიეცემა, წლის ბოლომდე მისთვის სასურველ დროს გაემგზავროს ლონდონში 2-კვირიან სტაჟირებაზე.
16 ოქტომბერს, 12:00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ღვინისა და ღვინოსთან ასოცირებული ქართული პროდუქტის გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებლები; ღვინოსთან ასოცირებული საკვები პროდუქტების მწარმოებლები (ქართული ყველი, თაფლი, პური, ჩურჩხელა, ჩირი; ღვინოსთან ასოცირებული სუვენირების მწარმოებლები; ქართული რესტორნის ქსელები. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
"ქართული ღვინისა და კულინარიის დღე" 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn-ში საქველმოქმედო ვახშმით დასრულდება. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გამარჯვებული კონკურსანტის სტაჟირებას ლონდონში - რესტორან "ჰიბისკუსში".