საბანკო ანგარიშების მონიტორინგის საკითხმა პარლამენტის სხდომაზე დებატები გამოიწევია. საპარლამენტო უმრავლესობა პროკურატურისთვის საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლების მინიჭებას ფულის გათეთრებასთან ბრძოლით ხსნის, ოპოზიციას კი უმრავლესობის განმარტებების არ სჯერა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დებატები კანონპროექტის ავტორს კახა ანჯაფარიძესა და ლევან ვეფხვაძეს შორის მოხდა.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე ვარაუდობს, რომ ამ ცვლილებით კომერციული ბანკებისადმი ნდობა საკმაოდ დაიწევს. ლევან ვეფხვაძეს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ არაადეკვატური კითხვაა, დაეცემა თუ არა ნდობა ბანკების მიმართ, რადგან კანონპროექტი კრიმინალის შემცირებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს კრიმინალთან ბრძოლა.