ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით კომისია შეიქმნება, რის შესახებაც პარლამენტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება და მის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შევლენ ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21-ს. კომისიის შემადგენლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს.
კომისიის თავმჯდომარე აუცილებლად ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი წევრი უნდა იყოს.
კომისიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიის დაზუსტება სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.
კომისიამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს. ეს სია ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.
კომისიის საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.