სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების უმრავლესობას, ანუ მათ, ვინც რუსული ავიადარტყმების შედეგად განადგურებულ სახლებში ცხოვრობენ, ახალი წლის შეხვედრა და ზამთრის გადატანა ავტოფარეხებში მოუწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ცოტა ხნის წინ საზეიმოდ აღნიშნა რამდენიმე სახლის აშენება, სეპარატისტთა მოსახლეობის ნაწილი ჭერის გარეშეა დარჩენილი.
ცხინვალში სამშენებლო სამუშაოში მონაწილე ფირმა "როსიუგსტროის" თანამრომელი უშმორ ბერდიევი აცხადებს, რომ მათი ბრიგადა ე. წ. სამხრეთ ოსეთში ერთი თვის წინ ჩავიდა. მანამდე მათ ნაცვლად ერთ-ერთი კორპუსის მშენებლობაზე სხვა სამშენებლო ფირმა მუშაობდა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა სამშენებლო მასალასა და დაფინანსებათან დაკავშირებით.
"მათ მხოლოდ სახლის საძირკველი ჩაასხეს და მშენებლობა გააჩერეს. მუშაობა სწრაფი ტემპებით დავიწყეთ, მერე თანდათან პრობლემები შეგვექმნა სამშენებლო მასალასთან და დაფინანებასთან მიმართებაში. ზამთარია, მაგრამ ჯერჯერობით მუშაობას ვახერხებთ. იმედი გვაქვს, მალე დავასრულებთ მშენებლობას, თუმცა ამ კორპუსის მცხოვრებლებს ზამთრის გატარება ავტოსადგომებში მოუწევთ", _ აცხადებს ბერდიევი და დასძენს, რომ მათთვის მშენებლობის დასრულების ვადა არავის დაუწესებია და ეცდებიან მშენებლობა გაზაფხულისთვის დაასრულონ.
აღნიშნული კორპუსის მცხოვრები ვენერა გაბარაევა კი აცხადებს, რომ მცხოვრებლებმა ისიც კი არ იციან, ვინ უნდა დაადანაშაულონ იმაში, რომ "უკვე მეორე წელია სახლი არა აქვთ".
"დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კორპუსს ახალი წლისთვის ააშენებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კედლებიც კი არ არის ამოყვანილი. მალე ახალი წელია, რომელსაც ორ შვილთან და მეზობლებთან ერთად ავტოფარეხში შევხვდებით", _ აცხადებს გაბარაევა.