საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო 7-10 ოქტომბერს ქ. დუბროვნიკში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომლის ძირითად თემასაც წარმოადგენდა `რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში~.
ასამბლეის სხდომაზე საგანებო დებატები გაიმართა მთიანი ყარაბახის საკითხზე. იქ არსებული ვითარების შესახებ მოხსენება გააკეთეს აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა, ასევე მინსკის ჯგუფში შემავალმა ელჩებმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ზანიემ. აღნიშნულ საკითხზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი. მან აღნიშნა, რომ ზოგადად რეგიონისთვის და საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარების საკითხი და ქართული მხარე მიესალმება თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები მოხდება მთიანი ყარაბახის თაობაზე; ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების შედეგად არსებულ მძიმე შედეგებს, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგიონის ეონომიკური განვითარების ტემპები; შეახსენა საზოგადოებას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი, ანუ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია, და 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს დემოკრატიული ძალების კოლექტიური მარცხია, რამდენადაც ვერ მოხდა რუსეთის ინტერვენციის პრევენცია. ასევე ისაუბრა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მისიის აღდგენის მნიშვნელობაზე.
გიორგი წერეთელმა გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხში და განაცხადა, რომ მათი გადაჭრა უნდა მოხდეს სწორედ მშვიდობიანი გზით, ძალის არგამოყენებით, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული საზღვრების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების სრული დაცვით. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი როგორც მინსკის ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი მთავარი მედიატორი, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ცდილობს საკუთარი უკანონო მოქმედებების ლეგიტიმაციას. ამდენად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან დადებითი როლი შეასრულოს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ამ მოსაზრებას თავის გამოსვლებში დაეთანხმნენ სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლები, ხოლო ჩეხმა სენატორმა შტეტინამ განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება, მას აწყობს მსგავსი კონფლიქტების არსებობა გავლენის სფეროს შენარჩუნების მიზნით.
გიორგი წერეთელმა ასევე მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციის სხდომაში, როგორც ფრაქციის ვიცე პრეზიდენტმა. აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა EPP–ის მარსელის სამიტის საორგანიზაციო საკითხები, შეირჩა დელეგატები.
მასალის გამოყენების პირობები