~დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე, რომელსაც არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება ამ ქვეყნისთვის არ შეუძლია,~ - ასეთი შეფასება გააკეთა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
თარგამაძის თქმით, ივანიშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდოდა ფიგურა, რომელიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებაში გამაერთიანებლის მაკონსოლიდირებლურ ფუნქციას შეასრულებდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა და ამ ხელისუფლების შეცვლის გზასთან დაკავშირებით.
თარგამაძის აზრით, იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილს ეს მოლოდინი გაემართლებინა, მან არჩია საკუთარი პოლიტიკური ადგილის დამკვიდრება ბინძური ხერხებით მოთამაშე რიგითი პოლიტიკოსის მეთოდით.
“რაც გამოიხატება უბადლო ცილისწამებებში, აბსოლუტურად, გაუგებარ და არაადეკვატურ შეფასებებში. იარლიყების ესე უპრაგონოდ მიწეპება ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის და ეს არის ის, რის გამოც, მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლების ბრძოლის მეთოდები ჩვენ ამდენი წელია არ მოგვწონს. სინანულს გამოვთქვამ, რომ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში ასე სამარცხვინოდ აორთქლდა და სამარცხვინოდ გაქრა~ - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
იგი ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც პატარკაციშვილს შეეხება.
თარგამაძის თქმით, ივანიშვილის ადგილზე ძალიან მოერიდებოდა პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას.
~რადგან სწორედ, ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტელე ~იმდის~ ჩასაძირად და პატარკაციშვილის გასანადგურებლად, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური თუ სხვა მეთოდებით. არ ვგულისხმობ მის მკვლელობას ან რაიმე სხვას. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა თუ გამონათქვამი ქართულ საზოგადოებაში არ ყოფილიყო მხარდაჭერილი~, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მან გაიხსენა პატარკაციშვილის განცხადებები, რომელიც მან ბიზნესმენთაფედერაციაში გააკეთა და ბრალდებები წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, სადაც ბევრი პრობლემის ჩამონათვალი იყო.
თარგამაძის თქმით, მაშინ ივანიშვილს ხმა არ ამოუღია, ხოლო ტელეკომპანია ~მეცხრე არხი~ არამხოლოდ გაიყვანა მედია სივრცედან, არამედ, მთელი ეს აპარატურა და შესაძლებლობები პირადად გადასცა მიხეილ სააკაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს.
~ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, მაშინაც და წლების განმავლობაში, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ამ ქვეყანაში გაძლიერებულიყო. ამიტომ, მოვერიდებოდი ნებისმიერ კონტექსტში პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ხსნებას. ნაცვლად ქვეყნის გამაერთიანებელი ფიგურისა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო გამაერთიანების როლი ეთამაშა ეროვნულ ცხოვრებაში, ვნახეთ დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე, რომელსაც არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების ასრულება ამ ქვეყნისთვის არ შეუძლია. ეს არის ადამიანი, როემლიც 24 საათი, როგორც ვატყობ, ზის, უყურებს ტელეგადაცემებს და ამ გადაცემებში ადამიანების გამოთქმული მოსაზრებების დეტალური ანალიზის შეფასებებით სუბიექტური დამოკიდებულებების გამოვლენით არის დაკავებული~, - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში აცხადებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები