"მე მიმაჩნია, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს", - ასე პასუხობს ჟურნალისტი ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ის ანთაძეს ფსევდოობიექტურობაში ადანაშაულებს.
"მე მიმაჩნია, რომ ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. ეს სიმართლე ზოგს შეიძლება მოეჩვენოს ობიექტურად, ზოგს კი არაობიექტურად. საერთოდ მე მგონია, რომ ჟურნალისტიკაში მთავარი არის კეთილსინდისიერება. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ობიექტური და კეთილსინდისიერი", - განაცხადა ანთაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, მას ივანიშვილისგან ყველაზე მეტად მოსწონს ის, რომ არ ითხოვს მედიისგან კეთილგანწყობას.
"როდესაც ადამიანი აპირებს, რომ გახდეს ქვეყნის პირველი პირი, ცხადია მედია მისთვის არის ყველაზე მთავარი იარაღი, რომ გააგებინოს საზოგადოებას რა უნდა. ჯერ ერთი ჭირდება მას ეს იარაღი, მერე მეორეც - ყველამ იცის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ხალხს უსმენენ და ამ ნათქვამს რაღაც ღირებულებას ანიჭებენ. მან ჩამთვალა იმ ადამიანად, რომელსაც ხალხი უსმენს. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ის არ ითხოვს მედიისგან კეთილგანწყობას. ადამიანმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და მედიის ნაწილი შეეცდება, რომ ეს საქმე შეაფასოს კეთილსინდისიერად და ნაწილი ამას შეაფასებს არაკეთილსინდისიერად. მთავარია, რომ მე მგონია მისი მოკავშირე უნდა იყოს სიმართლე და არა პროპაგანდა და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. რესურსი თუ ჩაიდება, სიმართლის თქმაში უნდა ჩაიდოს და არა ვთქვათ ტყუილზე ტყუილით დაპირისპირებაში", - განაცხადა ანთაძემ.
ანთაძეს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მოყავს თავისი სტატია "ანტიმიშისტობის დილემა" და აცხადებს, რომ ამ სტატიაში ის ივანიშვილის პრორუსულობაში არ ადანაშაულებს.
"ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავწერე სტატია "ანტიმიშისტობის დილემა", რომელიც "ფეისბუკზე" კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნე. ეს არის ძალიან აქტუალური სტატია დღეს და მისი არსი არის, რომ დასავლეთი და კერძოდ აშშ ფაქტობრივად ძალიან უწყობდა ხელს მიხეილ სააკაშვილს, რომ ის ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც ყველაზე პროდასავლური და პრო ამერიკული ლიდერი საქართველოში. სტატიაში ვწერდი, რომ თუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ვარ პროდასავლური ორიენტაციის და ვაღიარებ ამ დასავლურ ღირებულებებს, მაგრამ არ მომწონს მიხეილ სააკაშვილი და მისი მართვის სტილი, მაშინ მე უბრალოდ არ მაქვს დარჩენილი პოლიტიკური არჩევანი ამ ქვეყანაში და ვამბობდი, რომ ან უნდა მივცე არჩევნებში ხმა მიხეილ სააკაშვილს, როგორც პროდასავლურ ლიდერს და ან უნდა წავიდე არჩევნებში და ისევ ამითი მიხეილ სააკაშვილი გავაძლიერო. ან უნდა მივცე ხმა ისეთ ფიგურას, რომელიც არ იქნება პროდასავლური პოლიტიკური სივრციდან და იქნება ვთქვათ პრორუსული პოლიტიკური სივრციდან. ეს მე დავწერე ერთი წლის წინ. როდესაც ვსაუბრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პროდასავლურ სივრცეში არ იყო ადგილი დარჩენილი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი პოზიციონირებას, როგორ არიან პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილნი ლიდერები. არასდროს არსად არ მითქვამს, რომ ის არის პრორუსული ლიდერი. უბრალოდ მე ვთქვი. რომ ამ სივრციდან იქნება წარმოდგენილი ეს ადამიანი. ამასვე ვამბობდი ლევან ვასაძეზე. ამიტომ, მე მაქვს ესეთი განცდა, რომ არასწორად არის გაგებული ის რაც მე ვთქვი. მე ვთქვი, როგორ იქნება პოზიციონირებული ლიდერების ადგილი პოლიტიკურ სივრცეში. მე არანაირად არ მაქვს შეურაცხყოფის განცდა", - განმარტა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაკეთებული განცხადებით, ია ანთაძე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
"პირველ რიგში, მინდა, დავასახელო ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.
ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები.
ია ანთაძემ ამას წინათ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი, პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.
კი ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა, ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება, სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო?
როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა", აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.