"2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს, ვურჩიე გადამდგარიყო", _ ნათქვამია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, ბიზნესმენი სააკაშვილს ურჩევდა გადამდგარიყო და ის სააკაშვილს ასევე არწმუნებდა, რომ ქართველი ხალხი მიმტევებელია და მას აპატიებდა.
"2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე გადამდგარიყო.
ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც _ ვწერდი სააკაშვილს", _ ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
"მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და, აღმაშენებლის ნაცვლად, ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი", _ აცხადებს ბიზნესმენი და ამის დასტურად საქართველოს პრეზიდენტის თელაველებთან შეხვედრა მოჰყავს.
"ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და "მიშა! მიშას!" - გაყვიროდენ", _ ნათქვამია განცხადებაში.