"გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება? - ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ", _ ახსენებს ბიზნესმენი ვანო მერაბიშვილს თავისსავე გავრცელებულ განცხადებაში და აგრძელებს: "ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სააკაშვილთან ერთად, შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით.
ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: _ ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო? _ სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს-მეთქი, გავაფრთხილე", _ წერს ივანიშვილი.
იმისი თქმით, "მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით, მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა".