"პირდაპირ მინდა განვაცხადო, სახელისუფლო გუნდთან და მის იდეოლოგებთან, ვინც სააკაშვილს ემსახურება, არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია და, აქედან გამომდინარე, ფსევდოპოზიციისგან განსხვავებით, მათი არჩევანი, მათი პოზიცია ღია და გამჭირვალეა", _ ნათქვამია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ ყველას აქვს უფლება, უერთგულოს და მხარი დაუჭიროს მას, ვინც მოსწონს როგორც პოლიტიკოსი და როგორც ლიდერი.
"ამ ადამიანებს სააკაშვილი მოსწონთ, ის მათ პოლიტიკურ გემოვნებას ყოველმხრივ აკმაყოფილებს, გემოვნებაზე კი, როგორც იტყვიან, არ დავობენ. თუმცა ჩემი პირადი აზრით, სწორედ რომ გემოვნებაა მთავარი სადაო და საკამათო... დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, პალიკო კუბლაშვილი ამ ხელისუფლების გამოკვეთილი იდეოლოგები არიან.
მართალია, ეს იდეოლოგია ხშირად დემაგოგიაში გადადის და პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს მათი არჩევანია.
თავის დროზე სააკაშვილს ბევრი უჭერდა მხარს, მათგან ზოგმა კრიტიკულად გადახედა თავის პოზიციას და დროზე წამოვიდა მისი გუნდიდან, ზოგი კი, დარჩა და დღემდე მასთანაა", - აცხადებს ივანიშვილი.