მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საგანგაშოს უწოდებს. ამის შესახენ ნათქვამია მილიარდერის მიერ დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში.
"როდესაც ისეთი გონიერი და გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რამაზ საყვარელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაბებზე "ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია, ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა".
"ამასწინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდაოდ ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი, `ამშვიდებდა: _ ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარო, ორჯერ გაუმეორა მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე _ ინტილიგენტის საქციელს.
ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა. რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება. რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა", _ აცხადებს ივანიშვილი თავის მიმართვაში.
მისივე თქმით, ამდენი სიცრუისგან, ამდენი ტყუილისგან, ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ზემოქმედებისგან ჩვენი საზოგადოება შეიძლება, მართლაც, არის დაავადებული, მაგრამ მისი განკურნება მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი და არა ცინიზმით და ლამაზად შეფუთული სიცრუით. დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა!", _ ნათქვამია ივანიშვილის მიმართვაში.