ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც ვერ ითანამშრომლებს. მისი თქმით, ვერ ითანამშრომლებს ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ.
"მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ "ქრისტიან-დემოკრატებთან", "ლეიბორისტებთან", "ახალ მემარჯვენეებთან", "ედპ"-სთან, "ქართულ პარტიასთან", თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან", - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ მისი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.
"სინამდვილეში, სააკაშვილის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას - ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან.სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას", - ნათქვამია მიმართვაში.
"ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა", - აღნიშნავს ბიზნესმენი, თუმცა არ გამოვრიცხავს, რომ "ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ".