ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი ხელისუფლების მიერ დავერბოვკებულ აგენტად დაასახელა, - ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაში. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებულია რატომ გაიგეს დაგვიანებით ინფორმაცია მისი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.
"საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო "მომსახურებით", რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკისმომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.
თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.
ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ _ დანდობა და სიყვარული არ იცით!
თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი... თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა", - ნათქვამია მიმართვაში.