საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა "ქართული პოლიტიკის დაცვა მოხდეს რუსული ფულისგან.
"ფიქრობ, რომ არასდროს ქართულ პოლიტიკაში პუტინის მიერ ნასესხები ან ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსდებიან და ეს დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იყვნენ დაფინანსებული ბიუჯეტიდან და არ იყვნენ მიბმული რუსულ კაპიტალთან", - განაცხადა პავლე კუბმაშვილმა.
კუბლაშვილმა კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებაც და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
"ეს არის მოქალაქეობის შესახებ კანონის ცალსახა მოთხოვნა და აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება რაც გაჟღერდა სამოქალაქო რეესტრის მხრიდან სრულად შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას. ასევე არის ამ საკითხის პოლიტიკური მხარეც. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ რეალურად მოვისმინეთ რუსული შემოთავაზება ქართული პოლიტიკის, მედიის, საზოგადოების შესახებ. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქართული საზოგადოება არ იყიდება. ქართული მედია არ იყიდება. ქართული სახელმწიფო არ იყიდება და შესაბამისად ასეთი მცდელობები ყოველთვის კრახით დამთავრდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.