დღეს, 11 ოქტომბერს 13:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი მეცხრე ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენას გახსნის. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმრთება, რომლის ორგანიზატორებიც არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, "საერთაშორისო განათლების ცენტრი", საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, ჩატარდება სემინარები აშშ-ში უმაღლესი განათლებისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ.
აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად ჩარიცხვის შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ "საერთაშორისო განათლების ცენტრს" და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრ "კვალს" კონსულტაციისთვის. ეს ცენტრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ აშშ-ში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს.
გამოფენაში მონაწილებას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში, ამერიკული უნივერსიტეტი სომხეთში, დიუკის უნივერსიტეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, გრინელის კოლეჯი, ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთი ვირჯინიის სათემო კოლეჯი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამაპოს კოლეჯი, სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი და ვესტფილდის სახელმწიფო უნივერსიტეტი