ხვალ, 11 ოქტომბერს, პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომა 30 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განახლდება.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრის პროცედურა ჩაიშალა. ამის გამო სესია იმ საკითხების კენჭისყრით გაიხსნება, რომლებსაც კენჭი კვორუმის არარსებობის გამო ვერ ეყარა. ამის შემდეგ შესვენება გამოცხადდება, რომლის დროსაც კომიტეტების სხდომა გაიმართება და საკითხები შემდეგი მოსმენით კენჭისყრისთვის მომზადდება.
პლენარული სხდომის ამგვარი გრაფიკით ჩატარებაზე 10 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე შეთანხმდნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში მეორე პლენარული სხდომა, პარასკევის ნაცვლად, ხუთშაბათს გაიმართება. მიზეზი ისაა, რომ პარასკევს, 14 ოქტომბერს, მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უქმე დღეა.