პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 22 წლის ბიჭმა 41 წლის ბიძაშვილი დანით დაჭრა. ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც ბიძაშვილების გაშველებას ცდილობდა.
დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 41 წლის მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო მეორე სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს.
„41 წლის პაციენტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა მუცლის ღრუში და მარცხენა საზარდულის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობები.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შედარებით უკეთესია. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის წელის არეში იყო დაჭრილი. ჭრილობის დამუშავების შემდეგ, სახლში გავწერეთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსმა მალხაზ ბურნაძემ.
დანაშაულში ბრალდებული ახმეტის პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.