"საქპატენტი" ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორი გახდა. აღნიშნულ ჯგუფში, სხვა სახელმწიფოებთან ერთად რუსეთიცაა გაწევრიანებული და პირველი წინააღმდეგობა ქართულ მხარეს რუსეთისგან შეხვდა. როგორც "საქპატენტის" თავმჯდომარე, ირაკლი ღვალაძე აცხადებს, ჯგუფი გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის, რასაც რუსეთი აპროტესტებს და ტრადიციისამებრ ვეტოს დადების უფლების შენარჩუნებას ითხოვს.
"საქართველო წარმოადგენს ჯგუფის ინტერესებს სხვადასხვა შეხვედრაზე და ჯგუფში რა პოზიციაც ჩამოყალიბდება ის პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც პირველსავე შეხვედრაზე დაფიქსირდა იყო ის, რომ აქამდე ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებდა კონსესუსის წესით. ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა თუ არ იყო თანახმა საკითხი არ გადიოდა. ახლა კი დღის წესრიგში დადგა გადაწყვეტილების მიღება კენჭისყრით. აქტიურობდნენ შუა აზიის ქვეყნები, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ იყოს კენჭიასყრა და გადაწყვეტილება 2/3-ით იქნეს მიღებული. თუ ვინმე წინააღმდეგი იქნება, მაშინ ეს არ იყოს მთელი ჯგუფის პოზიცია. ამაზე რუსეთი იყო კატეგორიულად წინააღმდეგი", - განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.
"საქპატენტის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაბამისად, ქართულმა მხარემ უკვე მოამზადა ჯგუფის მუშაობის რეგლამენტი, რომლის განხილვაც და დამტკიცებაც ერთ თვეში მოხდება.
ღვალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ყოველთვის შეცდება მაქსიმალური წინააღმდეგობა გასწიოს, "მაგრამ პირველი სადავო საკითხი რაც არის ეს არის გადაწყვეტილების მიღების წესი", - განმარტა "საქპატენტის" ხელმძღვანელმა.
როგორც ცნობილია, 26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეა, რომელშიც ისმო - ს 177 წევრი სახელმწიფოდან მონაწილეობდა 500-მდე დელეგატი, 58 ადგილობრივი და 100-ზე მეტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ასამბლეის მუშაობაში, საქპატენტის თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებდა ქართული დელეგაციაც.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ისმო - ს რეგიონალური ჯგუფის სხდომა, სადაც საქართველო პირველად იქნა არჩეული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორად. ჯგუფი შედგება კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან, რომელშიც შედიან ბელარუსი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. შესაბამისად, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველო კოორდინირებას გაუწევს აღნიშნული ქვეყნების მუშაობას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში.
ასამბლეის ფარგლებში ქართულმა დელგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. კერძოდ, ქართული დელეგაცია შეხვდა ისმო - ს გენერალურ დირექტორ ფრენსის გარის და საქპატენტსა და ისმო - ს შორის ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას: ტექნოლოგიისა და ინოვაციის ხელშეწყობის ცენტრების (TISC) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ და ისმო-ს სამრეწველო საკუთრების ავტომატიზების სისტემის (IPAS) შესახებ. ასევე შედგა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საპატენტო უწყებების პირველ პირებთან და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს დანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებასთან და ისრაელის საპატენტო უწყებასთან.
როგორც ირაკლი ღვალაძემ აღნიშნა, დანიასა და ისრაელთან გაფორმებული ხელშეკრულება ერთობ მნიშვნელოვანია.
"ისრაელან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ისრაელი განსაკუთრებით ძლიერია პატენტების კომერციალიზაციის მიმართულებით. ისრაელში მოქმედებს რამდენიმე ტექტრანსფერის ცენტრი, რომლის მაგალითაციც ჩვენ ნაწილობრივ გადმოვიღეთ, და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ღვალაძემ.