სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიას მოცხონ ჩირქი, დაისჯებიან ღვთისაგან.
"არიან ადამიანები, რომელთაც არ აწყობთ სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე, რომელნიც ცდილობენ დათესონ ღვარძლი ადამიანებს შორის, მორწმუნეებს შორის. ალბათ ყურადღებას მიაქცევდით, ჩვენი გაზეთები სავსეა სიძულვილით, განკითხვით, მღვდელმთავრებისა და ჩემი სურათებით, ცილისწამებით. მე არ ვიცი, როგორ უნდა ცხონდეს ადამიანი, სასულიერო პირს რომ ცილს სწამებს. საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ამას. ნუთუ ღვთისა არ ეშინიათ ამ ადამიანებს?!. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიას მოცხონ ჩირქი, დაისჯებიან ღვთისაგან", - ბრძანა პატრიარქმა სამებაში საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქის ქადაგების თანახმად, ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ამ საშინელი ცოდვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ აღნიშნულ საკითხზე პატრიარქის სპეციალური განცხადება წაიკითხა, რომელიც ილია მეორის სახელით 5 ოქტომბერს გავრცელდა.