დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" ფილარმონიაში "ქართული ხელოვნების საღამოს" გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა განუცხადა, კონცერტზე ახალი პროგრამით წარდგება.
"ქართული ხელოვნების საღამოს" პროგრამას ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენ გავხსნით. ეს საპასუხისმგებლოა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. მიხარია, რომ ყოველ პარასკევს საზოგადოებას საშუალება ექნება კულტურას ეზიაროს. ეს არის ჩვენი სულიერება, რომელიც უნდა ვანახოთ უცხოელებსაც. ეს იყო დროული ინიციატივა, რომელიც მინდა რეგიონებშიც გავრცელდეს", - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლ "ერისიონმა" 25 სექტემბერს ბათუმის ოპერის ახალ თეატრში კონცერტი გამართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა ჭკუასელმა განუცხადა, კონცერტზე უცხოელი სტუმრები სპეციალურად, მათი კონცერტისთვის ჩამოვიდნენ.
"ბალტიისპირეთიდან და რუსეთიდან სპეციალურად ჩვენი კონცერტისთვის ჩამოვიდნენ. ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩემთვის მთავარი ქართველები არიან, რომლებიც ზუსტად გებულობენ თითოეულ ჰანგს. ეს კონცერტი "ერისიონის" კი არა, ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვება იყო. ეს იყო თანამედროვე შოუ, ძველებური ელემენტებით. თანამედროვეობაში ვგულისხმობ განათებას და გახმოვანებას და არა მუსიკის ან ცეკვის ახლებურ ვარიანტს. ძალიან ხშირად ხდება, რომ ახალ ელემენტებს ამატებენ. მათ უნდა იცოდენ, საიდან მოდის ეს ჩვენი ხალხური ცეკვა-მუსიკა და რას ვკიდებთ ხელს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არის, რაზედაც გული მტკივა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჭკუასელმა.