ფრანგული გამოცემა L'EXPRESS პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კავკასიაში ტურნეს სტატიას უძღვნის და წერს, რომ საფრანგეთი პრობლემურ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში დამკვიდრებას გეგმავს.
„ხუთშაბათს, სომხეთში პომპეზური ვიზიტისა და აზერბაიჯანში ხანმოკლე გაჩერების შემდეგ ნიკოლა სარკოზი საქართველოში გაემგზავრება. საფრანგეთი ამ პრობლემურ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში დამკვიდრებას გეგმავს. იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ნახევარი წელი რჩება, სარკოზის სამხრეთ კავკასიური ტურნე (6-7 ოქტომბერი) ძალზედ დროულად შეირჩა. ცხადია, რომ ეს ხანმოკლე მოგზაურობა სახელმწიფოს მეთაურს ყველასთვის მისი „ქართული კამპანიის" საუკეთესო წუთების შეხსენების შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშNნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აქსელ ჟულდანი წერს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმიამ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავა და დედაქალაქისკენ დაიძრა, ნიკოლა სარკოზი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე-ქვეყნის ხელმძღვანელის რანგში, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში გაფრინდა.
ევროკავშირის სახელით მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მიაღწია, რომელიც მართალია მყიფედ გამოიყურებოდა, თუმცა მაინც დიპლომატიურ გამარჯვებად იქცა. „ევროკავშირი პირველად აღმოჩნდა კრიზისის ცენტრში, რომელიც მის საზღვრებთან ვითარდებოდა", - აღნიშნავს სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი იზაბელ ფაკონი. „ამან იმ მტკივნეული მოგონებების მივიწყებას შეუწყო ხელი, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ბალკანეთში ომის დროს ევროპის უსუსურობასთან დაკავშირებით არსებობდა".
ჟულდანი მიიჩნევს, რომ ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და ომში ჩაბმულმა ქვეყნებმა, არმიის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა, რაც არ მოხდა. მეტიც, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და საქართველო ვერცერთ ამ რეგიონში დღემდე ვერ ბრუნდება.
„„სიტუაცია აბსოლუტურ ჩიხშია", - ამბობს მარი მირანდა პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი და სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. „ასეთი სიტუაცია სერიოზულად ართულებს სარკოზის თბილისში მოგაზურობას". არსებობს კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება: 2010 წლის დეკემბერში საფრანგეთმა რუსეთს ორი ვერტმფრენმზიდი „მისტრალი" მიჰყიდა. „ასეთი ხომალდები მოსკოვს 2008 წელს რომ ჰქონოდა, მისი არმია გაცილებით ადრე მოხვდებოდა ქართულ ბრძოლის ველზე", - გვიხსნის გაიდზ მინასიანი, კავკასიის სპეციალისტი და წიგნის „ევრაზია: მსოფლიოს უსაფრთხოების ცენტრში" ავტორი. ფრანგი დიპლომატები ორივე მხარემ აღიარა. ასეთ პირობებში, ერთი შეხედვით საფრანგეთისთვის მანევრების სივრცე არ არსებობს. თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. „ნელ-ნელა საფრანგეთი სამყაროს ამ ნაწილში ნამდვილი სტრატეგიის კონტურებს ქმნის", - დასძენს მინასიანი. „ფრანგ დიპლომატებს ღირებულ შუამავლებად მიიჩნევენ არა მხოლოდ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ რუსეთშიც და თურქეთშიც". ფრანგები იძულებული არიან ფაქტობრივად სასწაულები მოახდინონ იმდენად რთული ისტორიული პრობლემები აქვს ამ რეგიონს, სადაც ერთმანეთშია გადახლართული ეკონომიკური, ტერიტორიული და რელიგიური ინტერესები", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, დღეს ფრანგები უკვე თამაშობენ მნისვნელოვან როლს ევროპულ დიპლომატიაში, უკავიათ რა „ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთა" თანამდებობები: ფილიპ ლეფორი - წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისის საკითხებში, პიერ მორელი - შუა აზიის საკითხებში.
„მოსკოვთან და ვაშინგტონთან ერთად პარიზი მინსკის ჯგუფის წევრიცაა. ამ ჯგუფის ამოცანა კიდევ ერთი დიდი ხნის კონფლიქტის მთიანი-ყარაბახის მოგვარებაა. 1991 წელს, ამ რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ომის შემდეგ, რომელიც ამას მოჰყვა (15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონი დევნილია) სომხეთი და აზერბაიჯანი ცივი ომის მდგომარეობაში არიან.