ფრანგული გაზეთი "Le Monde", საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თბილისში ვიზიტამდე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას სტატიას აქვეყნებს სათაურით - საქართველოს ახალი გზა. სტატიის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი აქვეყნებს.
სტატიის დასაწყისშივე ირაკლი ალასანია წერს, რომ ქვეყანას დაუყოვნებლივ ესაჭიროება გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტსაც ეხამიანება და აღნიშნავს, რომ ნიკოლა სარკოზს "შეუძლია დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ავტორიტარულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრული რჩევა მისცეს", - წერს ალსანია სტატიაში და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა შანსი აქვს გახდეს დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი და სტაბილურობის განმსაზღვრელი მთელს კავკასიის რეგიონში.
"თავისუფალი დემოკრატები" ლიდერი წერს, რომ ქვეყანაში სუსტი ინსტიტუტებია, რომლებიც ზღუდავენ ჩინოვნიკების ანგარიშვალდებულებას და წარმოქმნილი „დემოკრატიის დეფიციტი" შემაშფოთებელია.
"პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წელს დაწყებული იმედისმომცემი ეკონომიკური რეფორმების რესურსი ამოიწურა და ხელისუფლება ისეთი მძიმე ზომების მიღებაზეა გადასული, რომლებიც მხოლოდ შიშსა და იმედგაცრუების განცდას აძლიერებს. საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩება, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უფრო დაბალია, ვიდრე სომხეთსა და უკრაინაში. სამიდან ერთი ქართველი უმუშევარია", - წერს ალასანია თავის სტატიაში და იქვე აღნიშნავს, რომ მმართველი ელიტის მცდელობა, შეინარჩუნოს ერთპარტიული სახელმწიფო, მოქალაქეებს უზღუდავს შანსს მონაწილობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებსა და საქართველოს წინსვლისთვის ოპტიმალური გზის მოსაძებნად საჭირო იდეების გენერირებაში.
"ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამენ, მუდმივად საფრთხე ემუქრებათ. "ელიტური კორუფცია" ასევე რჩება სერიოზულ პრობლემად, რადგან იმ პიროვნებების საქმიანობა, რომლებიც ბიზნეს და მედია საშუალებებს აკონტროლებენ, ძალიან გაუმჭვირვალეა", - ნათქვამია სტატიაში.
"როგორც საფრანგეთმა 2008 წელს სწორად აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღების გამახვილება სერიოზული მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე, განსაკუთრებით კი სასამართლო სისტემაზე. პროკურორები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ, სისხლის სამართლის პროცესების 99.8% იმარჯვებენ. სამწუხაროდ, ეს სამართლიანობის დადგენაში მათ პროფესიულ უნარებზე არ მიუთითებს, არამედ მათი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების დეფიციტის მაჩევენებელია", - წერს ირაკლი ალასანია, რომელიც საკუთრების უფლებების დასვის სისუტეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ უფლების დაცვა ხშირად ხელისუფლებასთან არაფორმალურ კავშირებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე კანონზე.
"იმისათვის, რომ ფრანგულმა კომპანიამ საქართველოში უფრო მეტი ბიზნესი უკეთ აწარმოოს, მნიშვნელოვნად უნდა დაიხვეწოს სამოქალაქო სამართლებრივი სისტემა, რომელსაც სამართლიანი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.საქართველოს დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ დაეხმარონ მთავრობას და მოსთხოვონ მას სამართალდამცველ ორგანოებში სიტუაციის გაუმჯობესება და აუცილებლობის შემთხვევაში დახმარების პროგრამის შექმნა, თუმცა ეს დახმარება მხოლოდ პროგრესის შესაბამისად უნდა გაიცეს.
2006 წელს 28 წლის ბანკირის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რაც რამდენიმე მაღალჩინოსანთან მის კამათს მოჰყვა, საქართველოში არსებული დაუსჯელობის სინდრომის საუკეთესო ნიმუშია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ამა წლის აპრილში გამოაქვეყნა. ის საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, დამნაშავეთა სასჯელისგან დაცვის მცდელობას ეხებოდა. მკვლელობისათვის დაპატიმრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ოფიციალური პირი შეიწყალეს და 2008 წელს პირობით გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის სასამართლომ შეაფასა, როგორც "გაუმართლებლად გულმოწყალე", - ნათქვამია სტატიაში.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი თავის სტატიაში ევროკავშირთან დაახლოებაზეც საუბრობს და აღნიშნავს რომ ეს ძალიან სასარგებლოა.
"ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთის როლს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებათა გაფორმების ხელშეწყობაში. აღმოსავლეთ ევროპაში მიღწეული შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირის სტანდარტების თანმიმდევრული დანერგვა, აუცილებელი ინსტიტუციონალური რეფორმების განსხორციელების ძალიან ეფექტური გზაა", - წერს ალასანია.
აქვე ოპოზიციონერი ლიდერი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში ახლებური მიდგომა სჭირდება. "ეს არ არის რუსეთის მეზობლად მდებარე ერთადერთი პატარა ქვეყანა. მაგალითად, ფინეთი დღეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 1939-40 წლების ზამთრის ომის მიუხედავად, მან მოახერხა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ამის მიღწევას შეიძლება მრავალი წელი და დიდი ძალისხმევა დასჭირდეს. ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველომ თავად უნდა დაამყაროს ახალი კავშირები. იმავდროულად, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება მისი მეგობრების, მათ შორის საფრანგეთის, რჩევა და მხარდაჭერა", - წერს საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში და აღნიშნავს, რომ ქართველები აღიარებენ, რომ 2008 წელს ევროკავშირის სახელით პრეზიდენტ სარკოზის ჩარევა რუსეთთან არსებული იმ კრიზისის შეჩერებაში, რამაც ხუთდღიანი ომი გამოიწვია, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ძლიერი ხელმძღვანელობის გარეშე შედეგი ორივე მხარისთვის შეიძლება გაცილებით უარესი ყოფილიყო.
"საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავის მოახლოებასთან ერთად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე დადგომის პროცესშია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მან ბევრი რამ ისწავლა და ახლა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. სწორი გზის არჩევა ჩვენი შემდეგი გამოწვევა, ხოლო არჩევანის განხორციელება შიშისგან თავისუფალ გარემოში ქართული საზოგადოების სრულ და თავისუფალ მონაწილეობას მოითხოვს", - წერს ირაკლი ალასანია.