ფილმისთვის - "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" - სახელმწიფომ 40 000 ლარი გამოყო. რეჟისორი, თინათინ გურჩიანი, ქართულ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გმირებს 7 ოქტომბრიდან რეგიონებში შეარჩევს.
როგორც რეჟისორმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ფილმისთვის 17-იდან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევა.
"ფილმის გმირები რეალური ადამიანები გახდებიან, რომლებიც საკუთარ თავს განასახიერებენ. ფილმის გმირებსა და ავტორს შორის მოხდება ინტერაქცია ანუ მისი აქტიური მონაწილე თავად მეც გავხდები", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გურჩიანმა.
აღსანიშნავია, ამ პროექტმა წელს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა, რომლის სახელმწიფო სუბსიდიამ 40 000 ლარი შეადგინა. პროექტმა ასევე მიიღო რობერტ ბოშის ფონდისა და გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსება.
ფილმის ოპერატორია ანდრეას ბერგმანი, ხმის რეჟისორები - მიჰაუ კრაიჩოკი და მარიან მენტრუპი, პროდიუსერები - თამარ გურჩიანი და კახა მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გურჩიანის სადიპლომო ნამუშევარი წელს ნომინირებული იქნა გერმანიის კინოაკადემიის პრემიაზე "წლის საუკეთესო დებიუტი მხატვრულ კინოში".