"თბილისობის" დღესასწაული 7 ოქტომბერს, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე Altervision newcomers-ის კონცერტით დაიწყება და მესამე დღეს ანსამბლ "ერისიონის" კონცერტით დასრულდება. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში თბილისში მრავალი გამოფენა, კონცერტი და დაჯილდოებები გაიმართება.
7 ოქტომბერს ღონისძიება, 12:00 საათზე, საწნახელით გაიხსნება, რომელიც მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, პოპმუსიკის კონცერტის თანხლებით მოეწყობა. პარალელურად, საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გალერეა "გვირაბში" მოეწყობა.
დღესასწაულის ტრადიცია წელსაც არ დაირღვევა და მტკვარზე მუსიკალური პროგრამის თანხლებით ტივით გასეირნება 12:00 საათიდან 17:00 საათამდე მოეწყობა.
"თბილისობის" მეორე დატვირთულ დღეს ეროვნულ უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა დაასრულებს, რომელიც თბილისის უძველეს "აბანოთუბანში" მოეწყობა.
მრავალფეროვანი ღონისძიებით გამოირჩევა "თბილისობის" მეორე დღეც, სადაც ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე თავის ახალ გამოფენას "ცის თაღი გვირგვინად" 13:00 საათზე მშვიდობის ხიდზე მოაწყობს. პარალელურად რიყის ამფითეატრში ახალგაზრდებისთვის ერთიდღიანი შეხვედრა პოეტებთან და მხატვრებთან მოეწყობა. "თბილისობის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ლიტერატურული კონკურსი "გალადაჯილდოების" ცერემონიალი ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა. დიდ საკონცერტო დარბაზში კი მომღერალი, ლელა წურწუმია 11 წლის შემდეგ კონცერტს გამართავს, ხოლო დასკვნითი, გალაკონცერტი ევროპის მოედანზე 22:00 საათზე მოეწყობა.
"თბილისობის" მესამე დღე დავით დოიაშვილის გათანამედროვებული მიუზიკლი "ქეთო და კოტე" რუსთველის თეატრში დაიდგმება. 20:00 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი "ერისიონი" საიუბილეო კონცერტს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს, რითაც "თბილისობა 2011" დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ "თბილისობა" 1979 წლიდან დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება.