შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 ოქტომბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც თავისუფლების მოედანზე საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები სიტყვით გამოვლენ, განცხადებას ავრცელებს.
"7 ოქტომბერს დაგეგმილია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში, რომელიც სქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე 17:30 საათზე. მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება შეეძლებათ ორი საათით ადრე. ისინი მოედანზე დაიშვებიან სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ. მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო- და ვიდეოკამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები. აღნიშნული ღონისძიების მსვლელობისას აიკრძალება ავტომანქანებით მოძრაობა თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე და მასთან დამაკავშირებელ გზებზე. ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით პუშკინის ქუჩაზე, ლესელიძის, დადიანის, ტაბიძის, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.