თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრი ბიწაძის პროცესი დღეს დაიწყება . როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ბიწაძე ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენს, რომლითაც მას 5,6 წლით პატიმრობა მიესაჯა. მისვე თქმით, მსჯავრდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს და დანაშაულს არ აღიარებს.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებას ერთადერთ მტკიცებულებად გია უჩავას ჩვენება აქვს, რომელიც არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს, რადგან ურთიერთგამომრიცხავია.
ქართულმა მედიამ ძებნილი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძის ვენაში გადაღება მოახერხა. ბიწაძე მეუღლესთან, ნინო ბურჯანაძესთან და შვილთან ერთად სასტუმრო "გრანდ-ოტელში" იმყოფებოდა.
ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებთან საუბარს მოერიდა და კამერებისთვის თავის არიდებაც სცადა. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებაც.
შეგახსენებთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად თავისუფლების 5,6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბიწაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე იქნა ცნობილი. "ბადრი ბიწაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით. საქმის მასალების მიხედვით: ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა - "სახალხო კრებასთან" შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება "შეფიცულები", 2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი "შეფიცულები"-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მასშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში