კომპანია გუდვილმა თხუთმეტამდე თბილისის, კოჯრისა და წყნეთის ბავშვთა სახლებს საკუთარი თანამშრომლების მიერ დაკრეფილი ყურძენი საჩუქრად დაურიგა.
გუდვილის ასამდე თანამშრომელი 1 ოქტომბერს კახეთში, გურჯაანის რაიონში რთევლზე იმყოფებოდა, სადაც ტონაზე მეტი ყურძენი დაკრიფეს. გუდვილმა ყურძენი შეიძინა, რათა საქველმოქმედოდ ბავშვთა სახლებისთვის დაერიგებინა.
მიხეილ ჩარკვიანი - კომპანია გუდვილის დირექტორი „კომპანია გუდვილი გახსნის დღიდან აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში. ამჯერად ჩვენი მიზანი იყო არა მარტო საქველმოქმედო აქცია, არამედ „რთველი 2011-ის მხარდაჭერა, კახეთის მოსახლეობისთვის მოსავლის აღებაში და მის გაყიდვაში დახმარება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საჩუქრით შემოდგომა გაუხალისეთ ბავშვთა სახლებში მცხოვრებ აღსაზრდელებს."
კომპანია გუდვილი გეგმავს „კეთილი ნების კლუბი" ჩამოაყალიბოს. ყველა ვისაც სოციალური დახმარება თუ ახალი ინიციატივებში მხარდაჭერა დასჭირდება წერილით მიმართავს კლუბს. გუდვილის ყველა მომხმარებელს საშუალება ექნება წერილებიდან აირჩიონ თუ ვის დაეხმაროს კომპანია. ხმის მიცემის საშუალებით ყოველი თვის ბოლოს გამოვლინდება მომხმარებლის რჩეული, რომელსაც გუდვილი საჭირო დახმარებას გაუწევს.