ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მთიან ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში გორან ლინმარკერი ნოემბერში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხი ისეთი ოპტიმისტურია, როგორიც არასოდეს.
"მოხარული ვარ, რომ ვითარება ამჟამად, 2009 წლის ბოლოსკენ, უფრო მეტად ოპტიმისტურია, ვიდრე ეს იყო ოდესმე", - განაცხადა ლინმარკერმა.
ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი მიესალმა თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და აღნიშნა, რომ თურქეთს დიდი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ 9 ოქტომბერს კიშინოვში გაიმართა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების _ სერჟ სარქისიანი, ილჰამ ალიევისა და დიმიტრი მედვედევის _ შეხვედრა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს მიეძღვნა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მისი კონკრეტული შედეგები მედიისა და დაინტერსებული პირებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.