სამედიცინო რეგულირების სააგენტო იმ საჩივრებს განიხილავს, რომლებიც მედიკოსების წინააღმდეგ პაციენტებმა შეიტანეს. სამედიცინო გადაცდომების ყველაზე გახმაურებული შემთხვევების განხილვაში ჯანდაცვის მინისტრი პირადად მონაწილეობს.
ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დღეს სულ 8 მედიკოსის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მათ შორისაა ექიმი, რომელმაც დედოფლისწყაროს რაიონის საავადმყოფოში გველის ნაკბენით შეყვანილი ბავშვი კლინიკაში რვა საათს გააჩერა, შემდეგ კი უთხრა, რომ ჰოსპიტალში ანტიგიურზინი არ ჰქონდათ და პატარას გადარჩენას ვერ ახერხებდნენ.
რა სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება ან რამდენი ექიმის წინააღმდეგ, ეს დღესვე გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ განსახილველ საქმეთა შორის არის რამდენიმე რთული საქმე, რომელთა გამოძიება შესაძლოა ამ განხილვის შემდეგაც გაგრძელდეს და ექიმების წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას.
"პირველ რიგში, ყურადღებას მივაქცევთ იმ შემთხვევებს, რომელთა დროსაც სამედიცინო შეცდომის შედეგად პაციენტები დაზარალდნენ. ბევრ ამ საქმეში დავინახეთ ექიმის შეცდომები, ასევე არის რამდენიმე საქმე, რომელშიც არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ალბათ გაგრძელდება გამოძიება ამ საქმეებთან დაკავშირებით. არც ერთი პაციენტი და არც ერთი პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც დაზარალდა სამედიცინო შეცდომის შედეგად, არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე", _ აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე.