ქრისტიან-დემოკრატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასუფთავების ახალი ტარიფის გაუქმება მოითხოვეს.
"საქართველოში დასუფთავების ტარიფი ჩვენთან მოქალაქეების მიერ მოტანილი ქვითრების მიხედვით ერთსულიან ოჯახში 9 ლარს უდრის, რაც 5 დოლარზე მეტია. საშუალო ხელფასი კი, საქსტატის მონაცემებით, 610 ლარია (370 დოლარი). ეს აჩვენებს იმას, რომ თბილისელი მოქალაქისთვის შემოსავლის გათვალისწინებით, დასუფთავების ტარიფი გაცილებით ძვირია პარიზის, კოპენჰაგენის, ჟენევისა და სხვა ევროპული ქალაქის მოქალაქესთან შედარებით. ამ სტატისტიკის ფონზე ნათლად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოციალურად არასამართლიანია",- განაცხადა გაბუნიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სპეციალური სტატისტიკაც წარადგინა.
მისი თქმით, დასუფთავების თბილისური ტარიფი პარიზულზე ბევრად ძვირია.
მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქში, ტოკიოში, სადაც საშუალო ხელფასი 2 500 ამერიკული დოლარია, დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 7 დოლარია; პარიზი - დასუფთავების ტარიფი 7 დოლარი; საშუალო ხელფასი 2 000 დოლარი; კოპენჰაგენი - დასუფთავების ტარიფი 10 დოლარი, საშუალო ხელფასი 2 500 დოლარი; ოსლო - დასუფთავების ტარიფი 9 დოლარი, საშუალო ხელფასი 2 500 დოლარი; ციურიხი - დასუფთავების ტარიფი 12 დოლარი, საშუალო ხელფასი 3 000 დოლარი; ჰელსინკი - დასუფთავების ტარიფი 4 დოლარი, საშუალო ხელფასი - 1 800 დოლარი; ფრანკფურტი - დასუფთავების ტარიფი 8 დოლარი, საშუალო ხელფასი 3 000 დოლარი; ჟენევა - დასუფთავების ტარიფი 10 დოლარი, საშუალო ხელფასი 3 000 დოლარი; სინგაპური - დასუფთავების ტარიფი 6 დოლარი,საშუალო ხელფასი 2 000 დოლარი.