პერუს ექს.პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა. პრეზიდენტი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, დაათვალიერა წეროვანის საჯარო სკოლა, დევნილებისთვის აშენებული სახლები და გაესაუბრა დევნილ მოსახლეობას.
მინისტრმა ალეხანდრო ტოლედოს, რომელიც განვითარებისა და დემოკრატიის გლობალურ ცენტრის დამაარსებელიც გახლავთ, აგვისტოს ომის პერიოდის ფოტოალბომიც დაათვალიერებინა, სადაც ასახული იყო დევნილები ომის პერიოდში კარვებში რა პირობებში ცხოვრობდნენ. მინისტრმა სტუმარს ასევე გააცნო რა კეთდება დევნილებისთვის, ცეცხლის შეწყვეტიდან 3 თვეში როგორ აშენდა მათთვის სახლები, იძულებით გადაადგილებული პირები დღეს რა პირობებში ცხოვრობენ და კიდევ რა საჭოროებები არსებობს.
პრეზიდენტს განსაკუთრებით მოეწონა წეროვანის საჯარო სკოლა, სპორტული დარბაზი, კომპიუტერებისა და ინგლისურის საკლასო ოთახი. აღნიშნა, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ეს ყველაფერი. ერთ-ერთ გაკვეთილსაც კი დაესწრო და მოსწავლეებს რვეულში შემდეგი ჩანაწერი დაუტოვა „თქვენ უნდა იამაყოთ საკუთარი წარმომავლობით".
ალეხანდრო ტოლედო აფხაზეთიდან დევნილების ჩასახლებებითაც დაინტერესდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილები როგორც აჭარაში, ისე სამაგრელოსა და სხვა რეგიონებში ცხოვრობენ. ასევე, რუკაზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
პრეზიდენტი როგორც დევნილთა სახლებით, ისე სკოლითა და ინფრასტრუქტურით კმაყოფილი დარჩა და საქართველოს ხელისუფლებას ასეთი დიდი საქმისთვის მადლობაც კი გადაუხადა.
პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდება.