მარჯანიშვილების განახლებულ სახლ-მუზეუმში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. ცერემონია 1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქ.ყვარელში, უკვე მეოთხედ გაიმართება.
„მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის რესტავრაციამდე დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ეს ადგილი აღდგენის შემდეგ კულტურული ღონისძიებების ხშირი მასპინძელი გახდებოდა და ასეც მოხდა. აქ ყოველწლიურად იმართება თეატრალური პრემია „დურუჯის" გადაცემის სადღესასწაულო ცერემონია, უკვე ტრადიციად იქცა პირველკურსელების „ნათლობის" სიმბოლური რიტუალის ჩატარება... ასე რომ, ჩვენი მიზანი მიღწეულია. მოხარული ვარ, რომ ქართული თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებისთვის დაუვიწყარი დღეების ჩუქების შესაძლებლობა მოგვეცა" - აცხადებს კომპანია „რედიქსის" გენერალური დირექტორი ბატონი ლაშა პაპაშვილი.
ცნობისთვის, ფიცის დადების ცერემონია პირველ ხანებში თელავსა და ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში ტარდებოდა. რიტუალის დროს რომელიმე ცნობილი მოღვაწე ახალბედა სტუდენტებს სახეზე უსვამდა გრიმს, როგორც გარდასახვის სიმბოლოს.სტუდენტები ფიცს დებდნენ, რომ ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და როგორც პროფესიონალები, დაიცავდნენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს.
შეგახსენებტ, რომ ეს ტრადიცია კომპანია „რედიქსის" ინიციატივით 4 წლის წინ აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები